თიბისი ბანკი სტიქიით დაზარალებულებულ ფიზიკურ პირებს სესხის დაბრუნებას აღარ მოსთხოვს

თიბისი ბანკის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სესხების ანულირება მოხდება, რაც ნიშნავს, რომ 13-14 ივნისის სტიქიის დროზ დაზარალებულებს, რომლებიც აღრიცხული არიან ქ. თბილისის მერიის მიერ შედგენილ ოფიციალურ სიაში, აღარ მოუწევვთ თიბისი ბანკში არსებული სესხების დაბრუნება.

"მოგეხსენებათ, თიბისი ბანკმა სტიქიის პირველივე დღეებში დაზარალებულთათვის შექმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში და მასში პირველი ჩარიცხვის შემდეგ, აქტიურად დაიწყო თანხების მობილიზება. მოქალაქეებთან ერთად, დაზარალებულთა დასახმარებლად თიბისი ბანკმა 1 მლნ ლარზე მეტი შეკრიბა. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს თანხა ქ. თბილისის მერიის სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება, რათა უზრუნველყოფილ იქნას დაზარალებულთა სისტემური დახმარება. ამასთან, თიბისი ბანკი აქტიურად მიადევნებს თვალს დაზარალებულთა დახმარების პროცესს და მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებაში," - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის მეორე დღეს თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახებს 50 ათასი ლარით დაეხმარებოდა. ამის გარდა, ბანკმა ანგარიში გახსნა და საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი ბანკში არსებული სესხების ანულირების შესახებ, ვფიქრობ, დაეხმარება მათ, კონცენტრაცია თავისი ყოველდღიურობის აღდგენაზე მოახდინონ, დროულად შეძლონ რეაბილიტაცია და დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს," - დასძინა ქურდიანმა. 

თიბისი ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა 300-ზე მეტმა იურიდიულმა და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა ჩარიცხა.