კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროექტებსა და პროდუქტებს შექმნიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისა და კომპანია "პოტერსის" თანამშრომლობით ინოვაციების ლაბორატორია შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ მომერანდუმს ხელი უკვე მოეწერა.

ლაბორატორიის მიზანი იქნება ადრეულ ეტაპზე მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელების პარალელურად, შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას.

ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც  საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით იმუშავებენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა უახლესი დანადგარებით აღიჭურვება. რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების და პროექტების შემუშავებას.

ლაბორატორია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ინოვაციური მობილური აპლიკაციები
  • სმარტ საათების და სხვადასხვა “ტარებადი” მოწყობილობებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა
  • Internet of Things


გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები.