ლიტერატურულ ფესტივალ "ინსომნიას" წელს ბათუმი უმასპინძლებს

ლიტერატურული ფესტივალი "ინსომნია" წელს უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიება ბათუმში გამართება და მას მაღაზია და გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" უმასპინძლებს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ფობიოგრაფია (პროზაული ნაწარმოები, რომელიც მკითხველს შიშებზე მოუთხრობს) 2015 წლის 5 ივლისამდე უნდა გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: fest.insomnia@gmail.com.

ჟიური შეარჩევს შვიდ მონაწილეს, რომლებიც 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე, თითო ღამით ჩაიკეტებიან მაღაზიაში "წიგნები ბათუმში" და შექმნიან ფენტეზის, ფანტასტიკის, მისტიკის ან ჰორორის ჟანრის პროზაულ ნაწარმოებებს. გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" მოამზადებს და დაბეჭდავს კრებულს, რომელშიც ფესტივალის ფარგლებში დაწერილი მოთხრობები შევა.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ფენტეზის, ფანტასტიკის, ჰორორისა და მისტიკის ჟანრების პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში.