ადამიანი, რომელიც მოხალისეებს ტაქსით უფასოდ ემსახურებოდა, ახალ სამსახურს მიიღებს

ფოტოზე: გიორგი ლომიძე, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ამიტომ დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებში თავისი წვლილის შეტანა ასე გადაწყვიტა

13 ივნისის სტიქიის შემდეგ, საქართველოში უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და თვითორგანიზებით დაიწყო ქალაქის დახმარება. მოხალისეები იყვნენ ბავშები და ასაკოვნები, ახალგაზრდები და მათი მშობლები, ქართველები, უცხოელები... სტიქიით დაზარალებული ადამიანების და თბილისის დასახმარებლად შეკრებილი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა.

ამასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომაზე წინადადებით გამოვიდა, დაჯილდოვდეს ყველა მაშველი, მოხალისე, სპორტსმენი და ის პირი, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და სრულიად თბილისს დაეხმარა. 

პრემიერმა გაიხსენა ახალგაზრდა, რომელიც უფასო ტაქსით გადაადგილებას სთავაზობდა მოხალისეებს და თბილისის მერს მისი დასაქმებისკენ და წახალისებისკენ მოუწოდა:

"24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით, კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ. ასევე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო. ინიციატივა მაქვს, წარვადგინოთ ეს პირები შესაბამის ჯილდოზე", - თქვა ღარიბაშვილმა.

სავარაუდოდ პრემიერი გულისხმობდა გავრცელებული ინფორმაციით იტალიელ ახალგაზრდას, რომელიც სტიქიის მეორე დღიდან მოხალისეებისთვის და მაშველებისთვის ცხელ ჰამბურგერებს ქუჩაში ამზადებდა 

პრემიერმა უპრეცედენტო სოლიდარობისთვის მთელს საზოგადოებას გადაუხადა მადლობა.