15 წლის ბიჭმა რომელმაც სტიქიის ღამეს ოჯახის წევრები დაკარგა, 60-მდე ძაღლი გადაარჩინა

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის, დაზიანებული სახლებისა და ქუჩების გაწმენდით სამუშაოებში, არაერთი სახელმწიფო ორგანო თუ რიგითი მოხალისეა ჩართული. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სხვების დახმარება და არაერთი სიცოცხლის გადარჩენა, მათთვის საოცრად რთულ წუთებში მოახერხეს. მათ შესახებ 13 ივნისის შემდეგ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება.

ცხოველთა უფლებების კომიტეტი, რომელიც აქტიურად ზრუნავს სტიქიით დაზარალებული ცხოველების დაბინავებასა და პატრონობაზე, საკუთარ გვერდზე სამადლობელ პოსტს აქვეყნებს. ორგანიზაცია მადლობას უხდის 15 წლის მიშკა შახმაზანს, რომელმაც სტიქიის ღამეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის 60-მდე ძაღლის გადარჩენა მოახერხა.

„გაიცანით მიშკა შახმაზიანი,15 წლის, ის სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელია,როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ის ცდილობდა დედის და დეიდის გადარჩენას,მაგრამ ამაოდ, წყალმა ხელიდან გამოსტაცა დედა,დეიდა კი უკვე დაკარგული იყო ადიდებულ მდინარეში. იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები უკვე არ იყვნენ ცოცხლები, თუმცა გაიქცა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრისაკენ და 60 მდე ძაღლის გადარჩენა შეძლო. დღეს დაკრძალა ოჯახის წევრები და ამ წუთამდე ეხმარება სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს“. - ნათქვამია ცხოველთა უფლებების კომიტეტის განცხადებაში.