ეროვნული ბანკი დაზარალებულ მოსახლეობას საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ბანკი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება.

"ვიცით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში. ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ. თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში კი შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერაც იყოს. არ მინდა რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. 

ამის გარდა, განიხილება წინადადება, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს შესაძლებელია საბანკო სესხები აღარ გადაახდევინონ.

"კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას რამდენიმე პრინციპული საკითხი განვიხილეთ. ბანკებს აქვთ სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის შესაძლოა, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს მომავალში თავად იტყვიან" - განაცხადა საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.