როგორ მკურნალობენ სტიქიისგან გადარჩენილ ცხოველებს

წყალდიდობის შედეგად განადგურებული თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარის ცხოველებს თეიმურაზ წიქორიძისა და თბილისის მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი მკურნალობს.

თეიმურაზ წიქორიძის თავშესაფრის (GSPSA) მიერ გამოცხადდა ორგანიზაციის წევრთა და ცხოველთადამცველთა თავშესაფრის სრული მობილიზაცია თავშესაფარში მიმდინარეობს ტრავმირებული, გზააბნეული, დაავადებული ცხოველების მიღება. ოპერაციებში ჩართულნი არიან GSPSA-ს წევრები, პროფესიონალი ვეტერინარები, კინოლოგები და მოხალისეები.

ორგანიზაციას სხვადასხვა სახით, ეხმარებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ვეტერინარული კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები, ბიზნესმენები. განსაკუთრებულ დახმარებას კი უწევენ ის პირები, რომლებიც დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ ცხოველებს.

"ძაღლები ნელ-ნელა სტრესიდან გამოდიან. სამწუხაროდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ კიდევ აგროვებენ და უნდა მოიყვანონ ცხოველები. 2-3 დღეში დავნიშნავ ვეტერინართა შეკრებას და მოვუსმენ მათ აზრს. სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებს და დიდ დროს მოითხოვს." - აცხადებს თეიმურაზ წიქორიძე.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება მოუწოდებს მოსახლეობას, ბიზნესმენებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურად დაუჭირონ მხარი და დაეხმარონ ცხოველების გადარჩენაში.