თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთი მსოფლიო პრესის პირველ გვერდებზე მოხვდა

თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეგლარი, რომელიც 13 ივნისს დატრიალებული სტიქიური უბედურების პოზიტიური სიმბოლო გახდა, მსოფლიო პრესის ვარსკვლავია.

მსოფლიოს სხვადასხვა მედია-საშუალებისთვის, ვერეს ხეობის წყალდიდობის გაშუქებისას, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები იყო. ფოტოები კი, რომელზეც ქალაქის ცენტრში მოსეირნე ჰიპოპოტამია გამოსახული, ბევრი გაზეთის გარეკანზე მოხვდა.

გთავაზობთ ამ გაზეთების პირველი გვერდების ფოტოებს, რომლებიც ფეისბუქის მომხმარებელმა ზურაბ მეძველიამ შეაგროვა საკუთარ პროფილზე.

ბეჰემოთი სახელად ბეგლარი წყალდიდობისას გამოვიდა თბილისის ზოოპარკიდან. მის დაჭერას ტრანკვილიზატორით და სხვა ხერხებით სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ. საბოლოოდ, ცხოველი ზოოპარკს მეორე დღეს, უვნებელი დაუბრუნდა. ბრიტანეთის მოქალაქის მიერ შექმნილი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდიც სწორედ ამ ჰიპოპოთამის სახელს ატარებს.