"ფრესკო" სტიქიით დაზარალებულებს პროდუქტებით უფასოდ მოამარაგებს

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" თბილისში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება.

"კომპანია "ფრესკო" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.

დაზარალებულთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის კი კომპანია იღებს ვალდებულებას და დახმარებას გაუწევს თითოეულ დაზარალებულ ოჯახს და მოამარაგებს მათ საჭირო საკვები პროდუქტებით." - ნათქვამია "ფრესკოს" Facebook-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სტიქია თავის თავზეც გამოცადა. 13 ივნისის ღამეს "ფრესკოს" საბურთალოს ფილიალში წყალი შევიდა და საწყობი დატბორა. სუპერმარკეტმა სტიქიის შედეგებზე რეაგირება სწრაფად მოახდინა, სუპერმარკეტი უკვე ღიაა და სრულფასოვნად მუშაობას აგრძელებს.

"ხვალ დილიდან "ფრესკოს" გუნდი შემოვივლით ყველა დაზარალებულს და მათ საკვები პროდუქტებით ვუზრუნველყოფთ. გვიხარია რომ ამ მძიმე დროს ყველანი ასე ერთ გუნდად ვართ იმ ადამიანების გვერდით ვისაც ახლა დახმარება ძალიან სჭირდება.

"ფრესკო" თქვენს გვერდითაა!" - აცხადებს კომპანია.