U2-ს თაყვანისმცემელ გოგონას ბონოს ნახვაში ედვარდ ნორტონი დაეხმარა

ჯგუფ U2-ს მიერ, დენვერში ჩატარებული კონცერტი, 14 წლის ლიზი ლავსონისათვის ოცნების ახდენა გახლდათ. ირლანდიური ბენდის შესახებ ლიზი გამუდმებით ყველას ელაპარაკებოდა, სწორედ ამიტომ გოგონას დედამ გადაწყვიტა, მისთვის ოცნება აესრულებინა და დენვერში დაგეგმილ კონცერტზე მეგობრებთან ერთად გაეშვა. 

დედამ დახმარება არასამთავრობო, ინტერაქტიულ ფონდ CrowdRise-ს სთხოვა. ვებ-გვერდზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი გასაჭირის, სურვილის ან ნებისმიერი მხადასაჭერი პროექტის შესახებ განაცხადოს და ხალხს დახმარება სთხოვოს. როდესაც ესა თუ ის პროექტი ვინმესთვის საინტერესო ხდება, ან უბრალოდ სხვისი დახმარების სურვილი უჩნდება, ამ უკანასკნელს გარკვეულ თანხას ურიცხავს და ოცნების ახდენაში ეხმარება. იმის გამო, რომ 14 წლის ლიზის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და ძვირადღირებულ მკურნალობის კურსს გადის, დედამ დახმარება ამ ფონდის მეშვეობით უცნობ ადამიანებს სთხოვა. ლიზისა და მისი მეგობრების გამგზავრებისა და სხვა ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა, დედისთვის გასაოცად, ძალიან სწრაფად შეგროვდა.

ამას გარდა, ფონდის დამფუძნებელი და მსახიობი, ედვარდ ნორტონი, უშუალოდ ჩაერთო პროცესში, უზრუნველყო გოგონებისთვის საუკეთესო ადგილების შერჩევა, ექსკურსია კულისებში, დასწრება რამდენიმე რეპეტიციაზე და რაც მთავარია შეხვედრა ჯგუფის სოლისტ ბონოსთან.

"ეს საოცარი შეგრძნება იყო. ისინი საოცრად ექცეოდნენ ლიზის, თითქოს მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ და ახლა ლიზის უბრალოდ მისი ახლობელი ადამიანებისთვის კულისებიდან უნდა ედევნებინა თვალი. ამისთვის მადლობა უამრავ უცნობ ადამიანს უნდა გადავუხადო, რომლებიც სხვებს უანგაროდ ეხმარებიან. მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ამიტომ აუცილებელია გავითავისოთ, რომ ყველას შეგვიძლია ერთმანეთს რაიმეთი დავეხმაროთ" - ამბობს ლიზის დედა.