9 წლის გოგონა უსახლკარო ადამიანებს ეხმარება

9 წლის ასაკში, როდესაც საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო გაქვს, შეიძლება თავშესაქცევად უამრავი რამ მოიფიქრო, თუმცა ამ გოგონას შემთხვევა ნამდვილად განსხვავებულია. ჰეილი ფორდი საკუთარ თავისუფალ დროს, ენერგიას, ძალისხმევასა და მცირე ბიუჯეტს მთლიანად უსახლკარო და ღარიბ მოსახლეობაზე ზრუნვას უთმობს.

ერთი წლის წინ, სუპერმარკეტში დედასთან ერთად სტუმრობისას, მან უსახლკარო ადამიანი შენიშნა, რომელიც გამვლელებს სენდვიჩს სთხოვდა. ჰეილიმ დედას სთხოვა დახმარებოდა მას, რამდენიმე დღეში კი საკუთარი ინიციატივით, იგივე ადგილას მიაკითხა და საკვები სახლიდან მიუტანა.

"სახლში დაბრუნებისას მივხვდი, რომ მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ეცხოვრათ ასეთ გაჭირვებაში ზოგიერთ ადამიანს. რამდენიმე კვირაში კი მთხოვა დავხმარებოდი პატარა ბაღის გაშენებაში, სადაც ის ბოსტნეულს მოიყვანდა, რითაც მოგვიანებით უსახლკარო ადამიანებს გაუმასპინძლდებოდა. თავიდან ვყოყმანობდი, თუმცა მივხვდი, ჩემი შვილის სულგრძელობისათვის ხელი არ უნდა შემეშალა. ამ საქმეს სრული პასუხისმგებლობით უდგება და ნელ-ნელა დახმარების არეალსა და მასშტაბებსაც აფართოებს. მასზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელ სახლს უსახლკაროთა თავშესაფრად აქცევდა თუმცა, ჯერჯერობით ამის საშუალება არ გვაქვს." - ამბობს ჰეილის დედა.

უსახლკარო მეგობრის საკვებით მომარაგების პრობლემის მოგვარების შემდეგ, ჰეილიმ გადაწყვიტა მის საცხოვრებელზეც დაეწყო ზრუნვა. 9 წლის გოგონა, საკუთარი ძალისხმევითა და სურვილით, ხის ღამის გასათევის შენებას შეუდგა, რომელშიც ადამიანი ცუდი ამინდის, ან სიცივის დროს თავს საკმაოდ კომფორტულად იგრძნობს.

"დედა მეხმარება, როდესაც რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ, თუმცა არც ისე ძნელი არაა. ვიყიდეთ ბორბლები, რათა "სახლს" გადაადგილება შეეძლოს, სხვადასხვა იარაღები და ხის ნაჭრები, ეხლა მხოლოდ მათი შეერთებაა საჭირო." - ამბობს ჰეილი სატელევიზიო ინტერვიუში.

შემდგომ ეტაპზე, პატარა გოგონა ფულის შეგროვებას, ადამიანების გაერთიანებასა და მსგავსი "სახლების" მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს, რათა მომავალში აღარასდროს დაინახოს უსახლკარო ადამიანი.