Washington Post–მა ამერიკაში ქართული სამზარეულოს პოპულარობას ვრცელი სტატია მიუძღვნა

გავლენიანმა გამოცემამ, Washington Post-მა, ამერიკაში ქართული სამზარეულოს მზარდ პოპულარობას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ქართული კერძებით აღფთოვანებული ჟურნალისტი წერს: „საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს. ქვეყანა ნოყიერი მიწა–წყლითა და მრაფალფეროვანი კლიმატით გამოირჩევა და მან საუკუნეების მანძილზე მტრის უთვალავ შემოსევას გაუძლო. ქართულმა  სამზარეულომ რომაული, ბერძნული, არაბული, მონღოლური, სპარსული, თურქული და რუსული კულტურის ზეგავლენა განიცადა, თუმცა დროის გამოცდას მაინც გაუძლო.

საქართველო ბევრი ვეგეტარიანული კერძის სამშობლოა, რადგან მართმადიდებელი ქართველები მარხვის დროს ხორცს არ ჭამენ. არასამარხვო კერძების მოსამზადებლად ძირითადად გამოიყენება ღორის, ქათმის და თხის ხორცი. ქართული სამზარეულოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს  სანელებლები (დაფქვილი ქინძი და უცხო სუნელი), სახლში გაკეთებული ყველი, თონის პური და რაც მთავარია, სტუმართმოყვარეობა.  ქართულ სუფრაზე იმდენი კერძია, რომ სტუმრებს საჭმელთან გასამკლავებლად საათებით დრო სჭირდებათ.“

ქართული სამზარეულო მეზობელ ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახლა გზა ამერიკისკენაც გაიკვალა. 2013 წელს ნიუ იორკში გაიხსნა პირველი ქართული რესტორანი „ოდა ჰაუსი“ და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მალევე ორი სხვაც მოჰყვა.

ამერიკაში წარმატებით სარგებლობს კიდევ ერთი ქართული კვების ობიექტი „კარგი გოგო,“ რომელიც ქართული სუფრის ტრადიციებზე შეყვარებულმა ამერიკელმა ცოლ–ქმარმა გახსნა პორტლენდში.  

ამერიკაში თანდათან  ქართული ღვინის პოპულარობაც იმატებს და ახლახანს ვაშინგტონის ერთ–ერთი იაპონური რესტორნის, „Daikaya“–ს, მენიუშიც შევიდა.

Washington Post–ის ჟურნალისტი წერს : „ღვინის თიხის ქვევრში ფერმენტაციის 8000 წლიანი ქართული ტრადიცია უძველესია, თუმცა ამერიკელებისთვის ეს ღვინო ახალი აღმოჩენაა. ფორბსმა ქართული ღვინო დაასახელა 9 ალკოჰოლური სასმელის რიცხვში, რომლის დალევაც 2015 წელს უნდა დაიწყოთ.“

სტატიის ავტორი დასძენს, რომ მიუხედავად დადებითი დინამიკისა, კვლავ ძნელია საქართველოს ფარგლებს გარეთ გემრიელი ქართული კერძების პოვნა.

იმედია, გურმანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მალე შეძლებენ ჩვენი სამზარეულოს დაგემოვნებას.