განჯინა - საქველმოქმედო აქცია საქართველოს ქალაქებში

თბილისის და თელავის "განჯინები"

30 იანვარს თბილისში გრიბოედოვის ქუჩაზე კარადა გაჩნდა, წარწერით "აკადემიის განჯინა - გაიღე და მიიღე".

ახალმა საქველმოქმედო პროექტმა მალე მოიპოვა პოპულარობა, განჯინა უსწრაფესად ივსებოდა ნივთებით და ასევე მალე ცარიელდებოდა. პროექტის არსი საზოგადოების მხრიდან ნივთების ერთმანეთში გაცვლა-გაჩუქებას გულისხმობს.

თუ თქვენ გაქვთ ნივთები, ტანსაცმელი ან საკვები, რომელსაც უცნობი ადამიანებისთვის გაიმეტებთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ თბილისში გრიბოედოვის ქუჩაზე და ისინი სამხატვრო აკადემიის კედელში ჩასმულ კარადაში დატოვოთ - მათ აუცილებლად წაიღებენ ის ადამიანები, ვისაც თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანი საგნები ძალიან სჭირდებათ.

სიურპრიზებით სავსე განჯინა დღეს თელავშიც დაიდგა, წარწერით: "ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არა აიღეთ". პროექტს ადგილობრივი მმართველებიც მხარს უჭერენ, როგორც ცნობილია განჯინაში ნივთები პირველად კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა დატოვეს.

როგორც განჯინას Facebook-ის გვერდზე ვკითხულობთ, პროექტს საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ:

"1. ამ ეტაპზე, განჯინას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. საზოგადოებაში დიდი იყო მოლოდინი იმისა, რომ მას ვინმე დააზიანებდა, თუმცა ეს მოლოდინი საბედნიეროდ არ გამართლდა.

2. განჯინაში ყოველთვის ბევრი ნივთია განთავსებული. გახსნის დღიდან განჯინა არასდროს ყოფილა ცარიელი.

3. განჯინაში ერთმანეთისაგან განსხვავებული საგნები თავსდება. 
ყველაზე დიდი რაოდენობით განჯინაში ტანსაცმელს განათავსებენ ხოლმე, თუმცა მრავლად არის წიგნებიც, სათამაშოებიც, ჭურჭელიც, საჭმელიც და სხვა ნივთებიც. იყო შემთხვევებიც, როდესაც განჯინაში ფულს ნახავდით.

4. განჯინას მოიხმარს ყველა, ვინც მასში მისთვის საინტერესო ნივთს ნახავს.
საგანთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია მასში მისთის საინტერესო ნივთის ნახვა. ხშირად განჯინიდან საგნებს იღებენ თავად ისინი, ვინც მასში რაღაცას ათავსებენ.

5. განჯინიდან საგნებს იღებენ კონკრეტული საჭირებიდან გამომდინარე. 
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ პიროვნებას აეღო განჯინაში განთავსებული ყველა ნივთი. მომხმარებლები იღებენ მხოლოდ იმას, რაც მათ უშუალო საჭიროებას წარმოადგენს."

სოციალური საქველმოქმედო პროექტების მიმართ ასეთი მხარდაჭერა აქციის ორგანიზატორებში ოპტიმიზმის საშუალებას უტოვებს, მოქალაქეები კი იმედოვნებენ, რომ პროექტი საქართველოს სხვა ქალაქებშიც მალე განხორციელდება.