31 მაისს თბილისის ზოოპარკის კედელზე პეპლების გამოსახულების მოზაიკა შეიქმნება

ზოოპარკის კედელზე განსათავსებელი მოზაიკის ესკიზი Ⓒ მუსია ქებურია

31 მაისს თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთ დიდ კედელზე მოხალისეები ფერადი პეპლების მოზაიკას შექმნიან, რომელიც ზოოპარკს საიუბილეო საჩუქრად გადაეცემა. იდეა 24 წლის თბილისელ გოგონას ეკუთვნის.

ორგანიზატორს მაკო ქურთიაშვილს მასალად შერჩეული აქვს სხვადახვა ფერის პლასტმასის ბოთლის თავსახურები, რომელიც ათეული წლები გაუძლებს ნებისმიერ ტემპერატურას, გვალვასა თუ ნესტს.

ყველაფერი 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც მაკომ ფეისბუქზე ფოტო აღმოაჩინა, სადაც უცხოელი ქალბატონი დრელით ხელში ფერადი პლასტმასის ბოთლის 25 ათასი თავსახურით კედელზე ცისარტყელას აწყობდა. 

სურათი ახალგაზრდა გოგონას შთაგონების წყარო გახდა. გადაწყვიტა, რომ მისი ქალაქის ზოოპარკის იერსახეს ასეთი ფერადი მოზაიკა ძალიან გაახალისებდა. გოგონამ პირველად იდეა Facebook-ზე სტატუსის სახით მეგობრებს გააცნო, ასე ჩაეყარა საფუძველი პლასტმასის ბოთლების თავსახურების შეგროვებას.

ფოტო, რომელიც ახალგაზრდა გოგონას შთაგონების წყაროდ იქცა

"თავდაპირველად მარტო ვაგროვებდი, სანთლით დავდევდი თითოეულ პლასტმასის თავსახურს და ივენთის გვერდზე ვპოსტავდი, რომ სტიმული მისცემოდათ სხვა დაინტერესებულ ადამიანებს, თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღონისძიება არ სარგებლობდა პოპულარულობით." - ყვება მაკო ჩვენთან საუბრისას.

მოგვიანებით მაკოს პროექტით რუსთავი 2 დაინტერესდა. 24 ნოემბრიდან დღემდე მაკომ უამრავი მეგობრის თუ უცნობი ადამიანის დახმარებით გადასაგდებად განწირული 13 ათასი ფერადი პლასტმასის თავსახური შეაგროვა.

პროექტის მხარდამჭერია მინერალური წყალი მიტარბი.

სამუშაოები კვირას, 31 მაისს დილით დაიწყება, თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს პეპელის შექმნის პროცესში, თან მუსიკას მოუსმინოს და შესვენებისას გემრიელი მაფინებით ჩაიტკბარუნოს პირი. პეპლების აწყობის შემდეგ მოხალისეები ბუშტებს გაუშვებენ.

ზოოპარკთან შეთანხმებით, ღონისძიების გახსნა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს დაიგეგმა, ასე რომ, ზაფხულის პირველი დღიდან უკვე შეძლებთ ფერად კედელთან სურათების გადაღებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ღონისძიებას, რომელიც გადასაგდებად განწირეულ ნედლეულს სარგებლობას უპოვის და პოზიტიურ იდეას რეალობად აქცევს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთს.