ნიუ-იორკში, ქუინსის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

ნიუ-იორკში, ქვინსის ფორესთ ჰილის ბიბლიოთეკაში „ქართული წიგნის კუთხის" გაიხსნა. ქართული წიგნის კუთხე საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში იხსნება. მკითხველებს საქართველოდან ასამდე ქართული წიგნი, ოცდაათზე მეტი ქართული ფილმის ვიდეოდისკი და სამასამდე ქართული სიმღერის აუდიოჩანაწერი გაეგზავნათ.

ქართული წიგნის კუთხის გახსნა ნიუ-იორკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნა. მოეწყო მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თომას გოლცის წიგნის - "საქართველოს" პრეზენტაცია, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსაბლთა კონცერტი. საზოგადოებას ტრადიციული ქართული კერძებით გაუმასპინძლდა ნიუ-იორკში არსებული ქართული რესტორანი "Old Tbilisi Garden".

"ქართული წიგნის კუთხე" უკვე  20-ზე მეტი ქვეყნის ბიბლიოთეკაში გაიხსნა. ახლო მომავალში, ემიგრანტებისა და საქართველოთი დაინტერესებული პირებისთვის, მსგავსი ცენტრების გახსნა ბარსელონის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, პორტუგალიისა და პოლონეთის ბიბლიოთეკებშიც იგეგმება.