თბილისს ლუდის მსმელთა ძეგლები შეემატა

დღეს თბილისში ახალი ძეგლები გამოჩნდა. ხელში ლუდის კათხიანი ადამიანების სკულპტურები თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული. ამ ეტაპისთვის აღმოჩენილი სამი ძეგლია - თავისუფლების მოედანზე (პუშკინის სკვერში), მარჯანიშვილის მოედანთან და მეტრო ავლაბრის წინ.

სავარაუდოდ, ძეგლების ავტორი ახალი ლუდი 34 უნდა იყოს, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ყოველი ძეგლის კათხაზე მკაფიოდ იკითხება რიცხვი "34". Goodnews.ge დაუკავშირდა ლუდის სარეკლამო კამპანიის მესვეურებს, თუმცა ისინი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მათი განცხადებით, კამპანიის ფინალური ეტაპი ჯერკიდევ წინაა და ყველა კითხვას ორ დღეში გაეცემა პასუხი.

ახალი ლუდის სარეკლამო კამპანია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ინტერნეტში გაჩნდა საიტი 34.ge, სადაც მომხმარებლებს უნდა გამოეცნოთ, თუ რა იყო 34. საიტს მოყვა ლუდის გაყიდვაში ჩაშვება, რომლის ერთი ბოთლის ფასი 34 ლარი იყო, ამ ფასად ლუდის მყიდველებს კი კომპანია განსაკუთრებულ სიურპრიზს პირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დღეს გამოჩენილი ძეგლები სწორედ პირველი მყიდველების საპატივსაცემო ნამუშევრებია.