საჯარო რეესტრის ახალი აპლიკაცია უძრავი ქონების ძიებას მოსახერხებელს ხდის

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. „ქონების ელექტრონულ ბირჟაზე" განთავსებული უძრავი ქონების მოძიება ინტერნეტპორტალის გარდა, ახლა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.

მოქალაქეს, რომლის  მობილური ტელეფონი აღჭურვილია Android ოპერაციული სისტემით  და  აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, შეუძლია ქონების ელექტრონული ბირჟის პორტალიდან www.eproperty.ge  უფასოდ ჩამოტვირთოს  მობილური აპლიკაცია,  რაც მას  საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონის საშუალებით, სწრაფად და მარტივად მოიძიოს  მისთვის სასურველი გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონება. 

ახალი სერვისი მოქალაქეებს დაეხმარება სასურველი ბინის შერჩევისას დროის დაზოგვაში, ბინის მისამართის მარტივად მიგნებაში.  აპლიკაცია რეალურ დროში,  მუდმივად განახლებადია.

მობილური აპლიკაცია ქონების ელექტრონული ბირჟის ოფიციალური პორტალის ზუსტი ანალოგია და უძრავი ქონების შესახებ სრულ ინფორმაციას მოიცავს. ყველა პროდუქტს თან ახლავს ფოტოსურათი, კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი, ზუსტი მახასიათებლები და უახლესი ინფორმაცია ქონებრივი ვალდებულებების  შესახებ.

უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს ახალი სერვისი  შესაძლებლობას აძლევს თითოეულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე:

  • ზუსტად შეიტყოს უძრავი ქონების მდებარეობა რუკაზე
  • რა მანძილი აშორებს სასურველ ობიექტამდე
  • საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაადგინოს ქონების მესაკუთრის ვინაობა
  • შეამოწმოს ადევს თუ არა ყადაღა ან აკრძალვა ქონებას
  • დატვირთულია თუ არა ქონება საბანკო თუ არასაბანკო იპოთეკით ან საგადასახადო გირავნობით

უახლოეს მომავალში, აპლიკაციას დაემატება უძრავი ქონების ბაზრის ოფიციალური სტატისტიკა, ინფორმაციები  უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ, ირიცხება თუ არა რაიმე კომუნალური დავალიანება და სხვ.