IKEA-მ ახალი კაფე საუზმის ლოგინში მირთმევის სერვისით გახსნა

იკეა (IKEA) ცნობილი შვედური ბრენდია, რომელიც სახლის მოსაწყობად ავეჯს და საბინაო აქსესუარებს ამზადებს და ყიდის. ევროპის ზოგ ქვეყანაში კი უკვე აწყობილი სახით, ე.წ. მზა სახლებსაც ყიდიან.

კომპანიის ძვირადღირებულ მაღაზიებში უამრავ ადამიანს უნატრია კომფორტულ სავარძელში მოკალათება, ან რბილ საწოლზე წამოგორება და ფუმფულა ბალიშზე თავის დადება. ლონდონელებისთვის ეს ნატვრა რეალობად იქცა.

IKEA-მ ახალი კაფე საუზმის ლოგინში მირთმევის სერვისით გახსნა. ინგლისის დედაქალაქში სტუმრობის შემთხვევაში შეგიძლიათ დილის 7 საათიდან შუადღის 3 საათამდე ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მიბრძანდეთ და მიირთვათ გემრიელი საუზმე სრულიად უფასოდ.

იკეას ახალ კაფეში სტუმრობამდე ადგილის დაჯავშნა ონლაინ ხდება. კაფეში შესვლისას, მომხმარებლები თავიანთ მანტოს კარადაში ტოვებენ და საუზმის შეკვეთას აძლევენ. ამის შემდეგ კონსულტანტები კლიენტებს სასურველი ზომის საწოლის და თეთრეულის არჩევაში ეხმარებიან. კომფორტულად მოთავსებისთანავე კი ოფიციანტი საუზმეს ლოგინში მოგართმევთ.

დილით მისულ მომხმარებლებს მშვიდი მუსიკის ფონზე იკეას რბილ საწოლში წიგნის წაკითხვის ან გამოძინების საშუალებაც ექნება.