თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით, წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაც, რომლის მიზანიც ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურება იქნება.

კონკურსის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ წარმოდგენილი ჟიური შეაფასებს, რომელიც 5 წევრისგან იქნება წარმოდგენილი. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება და მასში ის მწერლები და ლიტერატორები შევლენ, რომელთა ნაწარმოებიც მიმდინარე წელს საკონკურსოდ არ იქნება გატანილი. გამარჯვებულის გამოვლენა კი ფარული კენჭისყრით მოხდება. 

კონკურსის პირობები:

  • ლიტერატურულ პრემიაზე განიხილება გასულ წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;
  • აუციელბელია პრემიაზე წარდგენილი წიგნი იყოს ამ ტექსტის პირველი გამოცემა; 
  • წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ;
  • თითოეულ გამომცემელს თითო ნომინაციაში არაუმეტეს 5 წიგნის წარდგენის უფლება ექნება.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი  პირველად წელს, 18-23 მაისს ჩატარდება. 

ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 25 - მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი, აგრეთვე, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და პოლონელი ავტორები.

ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ქართული მწერლობით, მეორე მხრივ კი მისცემს შესაძლებლობას ქართველ ავტორებსა და მკითხველს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი თანამედროვე უცხოელ მწერლებთან.