ლიბერია ებოლას ვირუსისგან განთავისუფლდა

ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას და იშვიათი დაავადებაა, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. პირველად ვირუსი 1976 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობენ, თუმცა ეფექტური მედიკამენტური საშუალება ვირუსის წინააღმდეგ დღემდე არ არსებობს.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერიაში ებოლა ათწლეულების მანძილზე მძვინვარებდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის განცხადებით დღეის მდგომარეობით, ქვეყანამ ვირუსის დამარცხება და მისი განდევნა მოახერხა. ქვეყანაში 5 სამედიცინო ლაბორატორია დიდი ინტენსივობით მუშაობს იმისათვის, რომ ახალი ინფიცირების შემთხვევა დააფიქსირონ, თუმცა უკვე 40 დღეზე მეტი მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. 24 მარტის შემდეგ ქვეყანაში ებოლით აღარავინ დაავადებულა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ ლიბერიამ ებოლა დაამარცხა.

"ეს მხოლოდ მთავრობისა და მოსახლეობის დამსახურებაა, რომელსაც იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ ვირუსის დამარცხებას შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ამის სახსრები არც სამთავრობო ორგანოებს და არც მოსახლეობას არ გააჩნდა, თითოეული ადამიანის მკურნალობა ბოლომდე მიმდინარეობდა. ამის შედეგად ვირუსის გავრცელების არეალი ნელ-ნელა მცირდებოდა, რამაც საშუალება მოგვცა სხვა ადამიანები ინფიცირებისგან დაგვეცვა."- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.