კოკა-კოლა თავის ქილებს უკვე ბრაილის შრიფტის წარწერებითაც უშვებს

კოკა-კოლას ახალი კამპანია წარმოგიდგენთ ბოთლებს და ქილებს უსინათლო ადამიანებისთვის, რომლებზეც ბრაილის შრიფტით გაკეთებული წარწერები იქნება ამობეჭდილი.

მექსიკაში, სარეკლამო სააგენტო Anónimo-მ აღმოაჩინა, რომ კოკა-კოლას პოპულარული კამპანიით "Share A Coke" (გაუზიარე კოკა-კოლა მეგობრებს - კამპანია, რომლის მიხედვითაც გამაგრილებელი გაზიანი სასმელის მოყვარულები კოკა-კოლას ქილებზე და ბოთლებზე საკუთარ სახელებს პოულობდნენ) უსინათლოები ვერ იღებდნენ სიამოვნებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ქილებზე საკუთარი სახელების წარწერებს ვერ ამოიკითხავდნენ, ამიტომ სააგენტომ კოკა-კოლას შესთავაზა ახალი კამპანია: ბრაილის შრიფტი გაზიანი სასმელის ქილებზე.

რეკლამაში კოკა-კოლის ადმინისტრაცია ყვება: "ერთი წლის წინ, ჩვენ გამოვუშვით ქილები, რომლებზეც მილიარდობით ადამიანი თავის სახელს იპოვიდა, თუმცა ახლახან გავაანალიზეთ, რომ რამდენიმე მათგანი გამოგვრჩა, ამის გამო ჩვენ ჩვენი ქილების დიზაინი შევცვალეთ."

რეკლამის ბოლოს, უსინათლო ადამიანები ერთმანეთს საკუთარი სახელების პოვნაში ეხმარებიან და ბედნიერები უზიარებენ კოკა-კოლას ერთმანეთს.