ბორჯომის პლატოს სატყეო ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები დაიწყო

ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ერთობლივ სანიტარულ ჭრებს იწყებს. მავნებლებთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგების მისაღებად, ქართველი და ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ, აღნიშნული მეთოდი ყველაზე მეტად არის რეკომენდირებული.

სანიტარულ ჭრების დროს მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი, ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც მოგვიანებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე,  ტყის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება იგეგმება. 

ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის ტყეში, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ტერიტორია სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამიტომ სანიტარული ჭრა აღნიშნული ტერიტორიიდან იწყება, მომდევნო ეტაპები კი სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს.