მოძრავი ბიბლიოთეკა დევნილი ბავშვებისათვის

ამერიკის საელჩოს "ბუქმობილი" წარმოადგენს ბიბლიოთეკა ბორბლებზე, რომელიც წინასწარ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დევნილთა დასახლებებში. 

"ბუქმობილი" აღჭურვილია ინგლისურენოვანი წიგნებით: ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურის, მმართველობის სისტემის, ისტორიის, კულტურის შესახებ. მასში ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო მასალა, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. მასში განთავსებულია სადისკუსიო სივრცეც, რაც საშუალებას იძლევა გაიმართოს საუბრები ისეთ თემებზე, როგორიცაა ამერიკული სპორტული თამაშები, ამერიკის კონსტიტუცია, გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ამერიკული დღესასწაულები და ასე შემდეგ. ფართოდ არის წარმოდგენილი ამერიკული ინგლისური ენის სასწავლო სახელმძღვანელოები, რომელსაც ხშირად მოიხმარენ მოსწავლეები, სტუდენტები, ინგლისური ენის პედაგოგები, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისენი, სხვა დაინტერესებული პირები. 

"ბუქმობილი" დევნილთა სხვადასხვა დასახლებებს სტუმრობს და ინგლისური ენითა და ამერიკული კულტურით დაინტერესებულ დევნილ ბავშვებს ინტერესთა სფეროს გაფართოებაში ეხმარება.

პოგრამის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. დევნილების საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ტრადიციების, ღირებულებების შესახებ.