მადლიერ ჩიტებს პატარა გოგონასთვის საჩუქრები მოაქვთ

სიეტლელ გაბი მენს ჩიტებთან უჩვეულო მეგობრობა  აკავშირებს. 

8 წლის გოგონა ყოველდღიურად აჭმევს ყვავებს თავის ბაღში. ფრინველებს კი, მადლიერების ნიშნად, მისთვის ნისკარტით ბრჭყვიალა სამშვენისები მოაქვთ. 

ბავშვის მეგობრობა ადგილობრივ ყვავებთან 2011 წელს შემთხვევით დაიწყო. მაშინ გაბი  ოთხი წლის იყო, საჭმელი სულ ხელიდან უცვიოდა და მას ჩიტები კენკავდნენ.

როცა გაიზარდა, უკვე გააზრებულად დაიწყო მათი გამოკვება. სკოლიდან მომავალი თავის სამხარს ყვავებს უყოფდა და ამ საქმეში თავისი ძმაც აიყოლია. თანდათან ჩიტები გოგონას შეეჩვივნენ და მოუთმენლად უცდიდნენ მისი სკოლის ავტობუსის მოახლოვებას.

2013 წლიდან გაბიმ თავის ეზოში დაიწყო ყვავებისთვის ყოველდღე საკენკის და სუფთა წყლის დატოვება. ამის შემდეგ ამ ფრინველებმა გოგონასთვის საჩუქრების მოტანა დაიწყეს.   

"გაბის დატოვებული მიწის თხილის აკენკვის შემდეგ, ყვავები ჯამში ბრჭყვიალა ნივთებს ტოვებენ. გაბის საჩუქრების კოლექცია დღეისთვის საყურის, ანჯამის  და პრიალა ქვებისგან შედგება – ყველაფერი რაც ყვავებს ნისკარში ჩაეტევათ," ამბობენ გაბის მშობლები.

ბავშვი საჩუქრებს სათუთად ინახავს და თავის ძმას არ აკარებს. გოგონა ამბობს, რომ განსაკუთრებულად უყვარს ყვავების მორთმეული თეთრი გული, რომელიც ფრინველებმა "სიყვარულის ნიშნად მოუტანეს." 

გაბის ისტორიის მოსმენის შემდეგ, ძნელია, არ მოგინდეს ასეთი ყვავების ყოლა.