სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე თავის დაწერილი C++ კოდი გამოაქვეყნა

ცოტა ეროვნულ ლიდერს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა და კიდევ უფრო ცოტაა, რომელსაც კომპიუტერული პროგრამა აქვს შექმნილი. თუმცა სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლი ჰსიენ-ლუნგს აქვს თავისი შექმნილი ონლაინ პროგრამა, რომელიც დღეს Facebook-ზე გამოაქვეყნა და მედია საშუალებებს მისი გავრცელებისკენ მოუწოდა.

ლიმ საკუთარ პროგრამაზე პირველად თავის გამოსვლაში 20 აპრილს აღნიშნა, როდესაც IT-ს ინდუსტრიის ლიდერებს შეხვდა. 

"უკანასკნელი, რაც რამდენიმე წლის წინ დავწერე, სუდოკუს ამოსახსნელი პროგრამაა. ჩემი შვილები IT-ით დაინტერესებულნი არიან და ორივემ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსტეტი დაამთავრა. ერთ-ერთმა მათგანმა ონლაინ წიგნი გამომიგზავნა, რომელიც პროგრამირების ენის - ჰასკელის შესახებ იყო. ერთ დღეს, როდესაც პენსიაზე გავალ, ეს ჩემი საყვარელი წიგნი გახდება."- თქვა ნიჭიერმა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

ამ გამოსვლის შემდეგ, ლის რამდენჯერმე შეახსენეს გამოექვეყნებინა თავისი შექმნილი პროგრამის კოდი. დღეს მან საკუთარ სოციალურ ქსელში პროგრამის სქრინშოთი გამოაქვეყნა და თან ბმულად GooGle Drive-ს ფოლდერი დაურთო.

"პროგრამა მუშაობს DOS–ის გარემოში. თქვენ უნდა შეიყვანოთ მონაცემები ბრძანებათა სტრიქონში სათითაოდ (მაგ. 1-3-8--6) და ამომხსნელი პროგრამა დაგიბეჭდავთ ამოხსნას. მრავალი ამოხსნის შემთხვევაში, დაბეჭდავს ყველა მათგანს. იმედი მაქვს მოგეწონებათ და იმხიარულებთ, ნებისმიერი სირთულის ან გაურკვევლობის შემთხვევაში, შემეხმიანეთ" - დაურთო პოსტს პრემიერ-მინისტრმა.