მეორე მსოფლიო ომის გმირის მიერ შეყვარებულისთვის 70 წლის წინ გაგზავნილი წერილის ისტორია

ვესტმინსტერელმა ქალმა აღმოაჩინა წერილი, რომელიც 1945 წელს იყო დაწერილი. ის ბერნადინ გიბსონს ეკუთვნოდა, რომელსაც ომში წასულმა ახალგაზრდა შეყვარებულმა ბილ მურიმ მიწერა.

წერილი ძველ მუსიკალურ ფირფიტასთან იყო შენახული. ერთი შეხედვით, 70 წლის წინ დაწერილი წერილის ავტორის მოძებნა შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ კოლორადოელი ბილ მური ომიდან დაბრუნების შემდეგ, ისევ ძველ ქალაქში ცხოვრობდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც 70 წლის წინ შეყვარებულის და მომავალი მეუღლისთვის მიწერილ სიტყვებს კითხულობდა.

"ჩემო ძვირფასო, საყვარელო, მშვენიერო ბერნადინ, შენს ასაღწერად მილიონი ლამაზი სიტყვა შეიძლება გამოვიყენო და მაინც არ იყოს საკმარისი. ისეთი ძვირფასი ხარ, ხანდახან მიკვირს, რომ მე შეგიყვარდი. ბერნადინ, შენ ხარ მიზეზი იმის, რომ მე მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ბიჭი ვარ. შენი სახელიც კი ყველაზე ლამაზად მოსასმენი სიტყვაა, მსოფლიოში." - ასე იწყება 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის შუაგულიდან ამერიკაში გაგზავნილი წერილი.

"ამ წერილის წერის დროს დეპრესიაში ვიყავი. ვფიქრობდი რომ ომიდან ვერ გამოვაღწევდი და ვეღარასდროს ვნახავდი ქალს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა" - იხსენებს ბილი, რომლისთვისაც წერილის აღმოჩენა ნამდვილი სიურპრიზი იყო. "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დაკარგულ წერილს ამდენი ხნის შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩენდი და ის ასე იმოქმედებდა ჩემზე."

მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებიდან 2 წელიწადში ბილ მურიმ ბერნადინ გიბსონი ცოლად მოიყვანა, ისინი 63 წელი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ 2010 წელს ბერნადინი არ გარდაიცვალა. წერილი სწორედ ბერნადინის მიერ ნაყიდ მუსიკალურ ფირფიტებთან იყო შენახული.