ქართველი ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად ევროპიდან მოხალისეები ჩამოვიდნენ

Student Youth Council-ის პროექტის ფარგლებში ოზურგეთში 8 პოლონელი და 2 ლატვიელი მოხალისე მოღვაწეობს. პოლონეთის მოქალაქე 25 წლის მაჩეკ კაუვა 10 მოხალისეს შორის ერთ-ერთია, რომელიც ოზურგეთში სკოლის მოსწავლეების განათლებაზე ზრუნავს და მათთან ერთად შემეცნებით და სახალისო პროექტებში არის ჩართული.

მაჩეკი ინგლისურის გაკვეთილებს ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთანაც ატარებს, თუმცა, უმეტესად ის ახალგაზრდებთან მუშაობს. გაკვეთილები კლასის ფარგლებს სცდება, „ევროკლუბში“ გაწევრიანებული მოსწავლეები მოხალისეებთან ერთად პერიოდულ ღონისძიებებში არიან ჩართულნი, რომლებსაც ადგილობრივი ტელევიზია აშუქებს.

„წელიწადნახვერის წინ საქართველოში პირველად ჩამოსვლისას თბილისს ტურისტის სტატუსით ვეწვიე, აქ გატარებული ხანმოკლე დრო საკმარისი იყო ქართველების და ამ ულამაზესი ქვეყნის შესაყვარებლად. ვარშავაში დაბრუნებულმა გადავწყვიტე მომეძიებინა პროგრამა, რომელიც ხელს შემიწყობდა საქართველოში დავბრუნებულიყავი და ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით დავკავებულიყავი.“ - ამბობს მაჩეკი ჩვენთან ინტერვიუში.

სიყვარულის დღეს 15 აპრილს ახალგაზრდებმა ქალაქი ლამაზი წარწერებით გააფორმეს

9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით „ევროკლუბის“ წევრები მოხალისეებთან ერთად განსაკუთრებული ღონისძიების გამართვას აპირებენ. მოხალისეების თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ქალაქში გაიმართება საბავშვო თამაშები და შეჯიბრებები, მონაწილეები გეგმავენ ფრანების შოუს მოწყობას. გასართობი აქტივობები ევროპის ქვეყნების ისტორიას წარმოადგენენ, რომელიც ადგილობრივებისთვის არა მხოლოდ სახალისო, ასევე საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იქნება.

მოხალისეებს საქართველო ძალიან უყვართ, მაჩეკი აღნიშნავს, რომ პოლონეთთან შედარებით აქაური ჰავა მისთვის განსაკუთრებულად თბილია. თავისუფალ დროს ახალგაზრდები მოგზაურობენ და საქართველოს მხარეებს და მათ განსხვავებულ კულტურას ეცნობიან.