NASA-მ თვითმფრინავის ფრთის ახალი, ეკონომიურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული მოდელი შექმნა

NASA-ს მეცნიერებმა საჰაერო ძალების კვლევით ლაბორატორიასთან ერთად წარმატებით განახორციელეს ახალი ფრთის მოდელის ტესტირება, რომელიც ამსუბუქებს თვითმფრინავის საერთო წონას, ამცირებს ხმაურს აფრენისა ან დაშვების დროს და რაც მთავარია, ზოგავს მილიონობით დოლარის ღირებულების საწვავს.

ექსპერიმენტზე NASA-ს გუნდი 6 თვის განმავლობაში კალიფორნიაში მუშაობდა. ამ დროში მათ შეძლეს ახალი ტექნოლოგიით 22 საცდელი ფრენა განეხორციელებინათ.

"NASA-ს კვლევითი ცენტრის მონაწილეობა ამ პროექტში გამოხატავს ჩვენს სურვილს, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სამთავრობო თუ სამრეწველო პარტნიორებთან გარემოს დაცვისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით. ჩვენ მხარს ვუჭერთ სურვილს, სახელმწიფომ შეინარჩუნოს პირველობა საავიაციო სექტორში ". - განაცხადა NASA-ს ასოცირებულმა ადმინისტრატორმა ჯაივონ შვინმა.

საჰაერო ძალების კვლევითმა ლაბორატორიამ კომპანია FlexSys-თან მუშაობა 1998 წლიდან დაიწყო. მათ ერთად თვითმფრინავის ფრთის არაერთი მოდელი და კონფიგურაცია შექმნეს. 2009 წელს კი ლაბორატორიამ და NASA-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა მიაღწია შეთანხმებას FlexSys-თან ერთად ეწარმოებინათ ფრთის ახალი მოდელები.

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მოდერნიზებული ფრთები ინტეგრირებულია თვითმფრინავების პლანერებთან. ეს ამცირებს ფრთის წონას, აეროდინამიურად მოხერხებული აგებულება კი ხელს უწყობს მის მოქნილობას, ხმაურის შემცირებას და ნაკლები საწვავის მოხმარებას.

ფრენების ტესტირება NASA-ს "ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პროექტის" ფარგლებში მოხდა. ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი, ინტეგრირებულ ტექნოლოგიათა დემონსტრაციები, რომელსაც ცენტრი ამ წელს წარადგენს. პროექტის მთავარ კონცეფციას გარემოზე მავნე საავიაციო გავლენის მოხდენის შემცირება წარმოადგენს.

მეტი თვალსაჩინოებისა და უსაფრთხოებისთვის საცდელი ფრენები ერთ, ფიქსირებულ გარემოში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თვითმფრინავები 2-დან 30 გრადუსამდე კუთხით დაფრინავდნენ. ყველა ცდა გრაფიკისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით წარმატებულად დასრულდა. ამჟამად კი შედეგების დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავების მოდელებზე მორგება მიმდინარეობს.