პიანისტი, რომელმაც მუსიკალური სასწავლებელი 11 წლის ასაკში დაამთავრა

11 წლის ვუნდერკინდი კურტის ელტონი ასაკით ყველაზე პატარა მუსიკოსია, ვინც მუსიკალური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის აღება ამ ასაკში მოახერხა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო, ოთხი წლისას კი ნოტების კითხვა თავისუფლად შეეძლო. საფორტეპიანო სასწავლებლის პირველი კურსის გამოცდა კურტისმა 9 წლისამ ჩააბარა და ორ წელიწადში ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის დიპლომის აღება მოახერხა.

37 წუთიანი კონცერტის შესასრულებლად, რომელითაც კურტისი გამოცდაზე წარსდგა, მას ყოველდღე მხოლოდ ორსაათიანი მეცადინეობა უწევდა. გარდა ამისა, საგამოცდოდ მან შექმნა ათას სიტყვიანი ნაშრომი საყვარელი კომპოზიტორების შესახებ.

"ფორტეპიანო ჩემთვის გამორჩეული ინსტრუმენტია. გამოცდისთვის მეცადინეობა კი განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რადგან შოპენის კონცერტს ვასრულებდი. პიანისტობა ჩემი ოცნებაა და ძალიან მინდა კარნეგი ჰოლში ან ინგლისის სახელმწიფო სამეფო ოპერის დარბაზში დავუკრა." - ამბობს მსოფლიოში ყველაზე პატარა დიპლომირებული პიანისტი.

"შარშან ესპანეთში, ერთ-ერთ კონცერტში მივიღე მონაწილეობა, სადაც 2 ათასზე მეტი ადამიანისთვის დავუკარი. გასაოცარი კი ის იყო, რომ ეს ხალხი ჩემი ავტოგრაფისთვის  რიგში რამდენიმე საათი იდგა. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი რომ დაკვრა არასდროს მომბეზრდებოდა" - ამბობს ნაციონალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კურტისი.

პატარა პიანისტი მონაწილეობდა ბრიტანულ შოუებში Britain’s Got Talent და Child Genius, რომელიც ინგლისში ყველაზე ჭკვიანი ბავშვის გამოსავლენად ტარდებოდა.

"ამბობენ, რომ როდესაც ბავშვები ასეთ პატარა ასაკში იწყებენ ინსტრუმენტზე დაკვრას, მალევე ბეზრდებათ ის. ვფიქრობ კურტისის შემთხვევაში ასე არ მოხდება, მას განსაკუთრებულად უყვარს აუდიტორიასთან, ხალხთან ურთიერთობა, ამგვარად კი ის საკუთარი თავის რეალიზებას საუკეთესო გზით ახერხებს. ვფიქრობ მსგავსი განათლება, გამოცდილება და დიპლომი კარიერის საუკეთესო საწყისია, ასე რომ ვიმედოვნებ ყველაფერი მხოლოდ წინაა" - აღნიშნავს პატარა პიანისტის დედა.