ამერიკელი მშობლის ინიციატივით მასშტაბური ინკლუზიური პარკი შეიქმნა

ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილს ის დრო წარმოადგენს, რომელსაც პატარები სხვადასხვა სათამაშო მოედანზე და ატრაქციონებზე ატარებენ. თუმცა კალიფორნიაში ახლახანს გახსნილი მოედანი The Magical Bridge თავისი არსით გამორჩეულია. ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ, უფასო გასართობ პარკს, რომლით სარგებლობაც ყველა ბავშვს, განურჩევლად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ერთნაირად შეუძლია.

პარკის შექმნის ინიციატივა ახალგაზრდა ქალბატონს ოლინკა ვილარელს ეკუთვნის. მის ქალიშვილს თანდაყოლილი დაავადების გამო გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, სწორედ ამიტომ დედისთვის პატარას გასეირნება ყოველთვის დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.

"მხოლოდ ჩვენს უბანში 34 გასართობი პარკია, თუმცა მისით სარგებლობა ყველა ბავშვს არ შეუძლია. როდესაც ექიმმა ჩემს გოგონას სპეციალური თერაპია დაუნიშნა, რომელიც სუფთა ჰაერზე და სხვადასხვა გასართობის აქტივობებით დაკავებას მოიცავდა, პრობლემას წავაწყდით. როცა ამის შესახებ დაწვრილებით დავიწყე ინფორმაციის მოძიება, აღმოვაჩინე რომ მსგავსი ადაპტირებული გარემო ქვეყნის მასშტაბითაც კი ძალიან ცოტაა. ჩემს ვალდებულებად ჩავთვალე, რაიმე მომემოქმედა, ამიტომ ფულის შეგროვება დავიწყე" - ამბობს ოლინკა.

ქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ მოიძებნა და გამოიყო ადგილი მსგავსი პარკის გასაშენებლად. სპეციალიზირებული ატრაქციონების შექმნაში ლანდშაფტის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ერთად ინკლუზიური სწავლების ექპერტები და დაინტერესებული ოჯახების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, რამაც გასართობი პარკი კიდევ უფრო კომპლექსური გახადა.

"ყველაზე დიდ პრობლემას მსგავს პარკებში სპეციალური ზედაპირის არქონა წარმოადგენდა, რაც ბავშვების გადაადგილებას სახიფათოსა და შეუძლებელს ხდიდა. ამის გათვალისწინებით The Magical Bridge-ის პარკი სპეციალური ხის, ეკოლოგიურად სუფთა ზედაპირით მოვაპირკეთეთ." - ამბობს ერთ-ერთი არქიტექტორი.

მოედანი შვიდ გასართობ ზონადაა დაყოფილი, მასში შედის ატრაქციონები, სარეკრეაციო და მუსიკალური ზონებიც. სპეციალურად მოწყობილი და გადახურული მცირე ზომის სათამაშო სახლები მიმოფანტულია სათამაშო პარკის ტერიტორიაზე, რათა იქ ყოფნა კომფორტული იყოს იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც ხმაურისა და ხალხმრავლობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

"ეს არ არის მხოლოდ სათამაშო მოედანი. ეს არის საშუალება ნებისმიერი ბავშვისთვის, გაატაროს სასიამოვნო დრო და იურთიერთოს ადამიანებთან. ისწავლონ გარემოში ადაპტირება და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი შვილებისთვის ჯადოსნური სამყარო გვეჩუქებინა" - განაცხადა პარკის გახსნის დღეს ოლინკა ვილარელმა.