Audi-მ ეკოლოგიურად სუფთა დიზელის წარმოება დაიწყო

გერმანული ავტოწარმოების გაგანტმა ეკოლოგიურად სუფთა საწვავი შექმნა. დიზელი, რომელიც საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე ჩაუსხეს გერმანიის განათლების მინისტრის, იოჰანა ვანკას A8 მოდელს, წყლის, ნახშირორჟანგისა და განახლებადი ენერგიის მეშვეობითაა მიღებული.

ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შექმნას ბევრი კომპანია ცდილობს და მათ შორის მხოლოდ რამდენიმეა წარმატებული, თუმცა აუდი პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც თავად გადაწყვიტა ასეთ პროექტზე მუშაობა. საწარმო, რომელიც e-diesel-ს აწარმოებს, ქალაქ დრეზდენშია განთავსებული და აუდისა და კომპანია Sunfire-ის ერთობლივი პროექტია. საპილოტე პროგრამის ფარგლებში საწარმო დღეში 160 ლიტრ დიზელს გამოიმუშავებს.

საბაზისო პროდუქტი სახელად "ლურჯი ნედლეული" სამ ნაბიჯიანი პროცესის შედეგად მიიღება. პირველი ნაბიჯი ქარის, წყლის და მსგავსი სუფთა წყაროებისგან განახლებადი ენერგიის მიღებაა. მეორე ნაბიჯი - მიღებული ენერგიის საშუალებით წყლის მოლეკულების განცალკევებაა, რის შედეგადაც ჟანგბადი და სუფთა წყალბადი მიიღება. 

მიღებულ წყალბადს ურევენ ნახშირჟანგს (CO), რომელიც თავის მხრივ მიღებულია ნახშირორჟანგიდან (CO2), ამ უკანასკნელს კი ატმოსფეროდან იღებენ. ნაერთი მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში ქიმიურ რეაქციას განიცდის, რომლის შედეგადაც ნახშირწყალბადის ნაერთები მიიღება, ხოლო საბოლოო შედეგი "ლურჯი ნედლეულია."

"ლურჯი ნედლეულის" რაფინირების შემდეგ, მისი გამოყენება როგორც დამოუკიდებელ საწვავად, ასევე დანამატადაც შეიძლება.

Sunfire-ის ანალიზის მიხედვით, e-diesel არამარტო ეკოლოგიისთვის, არამედ მანქანის ძრავისთვისაც უფრო სასარგებლო და ყველაფერთან ერთად - ეკონომიურიცაა.

მასობრივი წარმოების შემდეგ ახალი საწვავი 1-1.5 ევრო ეღირება.