24 აპრილი შვილებისთვის ფულის შეგროვების სწავლების საერთაშორისო დღეა

ფსიქოლოგების თქმით, გარკვეულ ასაკამდე ბავშვს არ ესმის ფულის მიზანი და დანიშნულება. ამიტომ მათ მშობლებისგან უნდა ისწავლონ, რა როლი აქვს ცხოვრებაში ფულს.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლები სწორედ იმიტომ მუშაობენ, რომ ცხოვრება წარმოუდგენელია შემოსავალის გარეშე, და თუკი ფულს სულ დახარჯავენ, ის გაქრება და აღარ იქნება, რის გამოც ბევრი სიკეთე მოაკლდებათ.

24 აპრილს შვილებისთვის ფულის შეგროვების სწავლების დღე აღინიშნება. ამ დღის არსებობა ძალიან კარგი მიზეზია იმისთვის, რომ თქვენს შვილებთან ფულის შენახვის მიშვნელობაზე საუბარი წამოიწყოთ.

უკვე 16 წელია, რაც მსოფლიო ამ დღეს აღნიშნავს. 1999 წელს, ამერიკის უნივერსტეტებში სტუდენტებისთვის ჩატარდა დამატებითი ლექციები ფულის შეგროვების თემაზე. ლექციების კურსის შემდეგ, იდეის ორგანიზატორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდები ადრეული ასაკიდან აცნობიერებდნენ ფულის შენახვის აუცილებლობას, ამიტომ მოიგონეს "შვილებისთვის ფულის შეგროვების სწავლების საერთაშორისო დღე."

აუცილებელია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ფული ყოვლისშემძლე არაა, თუმცა ყულაბაში მოგროვებული ხურდებით შეუძლიათ ისეთი ოცნებები აისრულონ, როგორიცაა ახალთახალი ველოსიპედის ან თოჯინების დიდი და ლამაზი სახლის ყიდვა.

ფსიქოლოგების თქმით, ფულის შეგროვების პროცესში ბავშვები სწავლობენ მოთმინებას და ასევე იმას, რომ სანუკვარი მიზნის განხორციელებას დრო სჭირდება. დანაზოგს კი ზუსტად იგივე ფუნქცია აქვს, რაც წვიმიან ამინდში ქოლგას. მისი საშუალებით პატარები საჩუქარს არა მხოლოდ საკუთარ თავებს, არამედ მათთვის ძვირფას ადამიანებსაც გაუკეთებენ.