მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე მსოფლიოს 24 პოპულარული ბრენდი წარსდგება

მერსედეს-ბენცის კვირეული 2014 წელს ნიუ-იორკში

პირველიდან ექვსი მაისის ჩათვლით თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული გაიმართება, რომელზეც მსოფლიოს 24 დიზაინერის ბრენდები იქნება წარმოდეგნილი. ჩვენებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ასეულობით ცნობილი ადამიანი დაესწრება.

ივენთზე ჩამოდიან ისეთი გავლენიანი გამომცემლობის ჟურნალისტები, როგორიცაა New York Times, Vanity Fair, Elle Italy, Vogue Japan, Style.com, Nowfashion, Fashion Monitor, Forbes Ukraine, Forbes Kazakshtan, Paper Magazine, Business of Fashion, The Huffington Post, WUT Berlin -Tokyo და სხვა.

მსოფლიოს დიზაინერების მოდის უკანასკნელ ქმნილებებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების კოლექციაც. ჩვენებას უმასპინძლებენ ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა და სხვები. უკრაინიდან ელოდებიან ისეთ წამყვან დიზაინერებს, როგორიცა Poustovit, Litkovskaya, Lake Studio... რუსეთიდან თავის კოლექციას Walk of Shame წარმოადგენს.

"მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია "ექსპო ჯორჯია" იქნება, ხოლო გამოფენები, ჩვენებები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები თბილისის არაორდინალურ ადგილებში ჩატარდება." - ნათქვამია პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც პროექტის დამაარსებელმა სოფო ჭყონიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, პროექტი მსოფლიო მოდის პროფესიონალებისთვის ქართული კულტურის წარდგენის კარგი შანსია.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული საერთაშორისო პროექტია და საქართველოში წელს პირველად იმართება.