პოპულარულმა ბიჭუნამ მამას მკურნალობის ფული შეუგროვა

ყველა ვიცნობთ ამ ბიჭუნას. როდესაც სემ გრინერი 11 თვის იყო, სანაპიროზე ფოტო გადაუღეს, რომელზეც მტკიცე გამომეტყველებით პოზირებს. ფოტო ინტერნეტში "success kid" მემეს სახელწოდებით გავრცელდა.

სემი უკვე 8 წლისაა და მის მემეს დღემდე მასშტაბურად იყენებენ ინტერნეტში. Success Kid-მა დღეს კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, როდესაც რამდენიმე დღეში მამის ოპერაციისთვის 93 ათასი დოლარის მოძიება შეძლო.

სემის მამას, ჯასტინ გრინერს თირკმელი 2006 წლის ტრამვის შემდეგ აწუხებდა, ბოლო ხანებში მისი მდგომარეობა სავალალო გახდა და ჯასტინის გადასარჩენად თირკმლის გადანერგვა გახდა საჭირო. ბიჭუნას დედა ლენი გრინერი ყვება, რომ თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სურდა შვილის პოპულარობა ოპერაციისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად გამოეყენებინა. თუმცა დაზღვევა ვერ ფარავდა მკურნალობის ხარჯებს და ლენიმ გადაწყვიტა, რომ  GoFundMe-ის საიტზე გამოექვეყნებინა პოსტი მკურნალობისთვის აუცილებელი $75.000-ის მოსაზიდად. რამდენიმე დღეში ოჯახმა ოპერაციისთვის საჭიროზე მეტი თანხა შეაგროვა.

„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ Success Kid-ის იღბლიანი მშობლები ვართ. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამხელა ძალა აქვს ინტერნეტს და ადამიანების კეთილ ნებას.“ - უთხრა სემის დედამ ახალი ამბების ჟურნალისტს.