დედა-შვილი სპილოს ამაღელვებელი შეხვედრა ოთხწლიანი განშორების შემდეგ

გამოთქმა "სპილო არასდროს ივიწყებს" კიდევ ერთხელ გაცოცხლდა, მას შემდეგ, რაც აზიელი სპილოს დედასთან დაბრუნების ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეო ჩრდილოეთ ტაილანდში სპილოების თავშესაფარში გადაიღეს.

თავშესაფრის წარმომადგენლის, ნათანიტ სომანას თქმით, მე-ბაიმ მხოლოდ სამწელიწადნახევარი გაატარა დედასთან ერთად, შემდეგ კი იგი გაყიდეს, რათა ტურისტები გადაეადგილებინა.

"იმის გამო, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, მე-ბაიმ დაიწყო წონის კლება და აღარ შეეძლო ტურისტების ტარება." - წერს პარკის ადმინისტრაცია თავის YouTube-ს გვერდზე.

სპილოები მიაღწევენ თუ არა მოზრდილობის ასაკს, რაც დაახლოებით 11 წელს  უდრის, დედებს ტოვებენ. მე-ბაი 4 წლისაც არ იყო, როდესაც დედას დააშორეს.

"ახალგაზრდა სპილომ თითქმის 4 წელი გაატარა დედის გარეშე. ის სულ ახლახან ვიპოვეთ და მოვიყვანეთ თავშესაფარში. თავიდან მე-ბაი ნერვიულობდა ადამიანების დანახვისას, შემდეგ კი თავის ახალ გარემოს შეეჩვია და ახლა ძალიან ბედნიერია დედასთან ერთად." - ამბობს თავშესაფარში მომუშავე პერსონალი.

დედა სპილო მეი-უაი 30 წლისაა. თავშესაფარი აპირებს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ დედა-შვილს თავისუფლება დაუბრუნოს და ბუნებაში გაუშვას.