5 წლის გოგონამ ძმის დასახმარებლად 48 ათასი დოლარი შეაგროვა

როდესაც ტორონტოში მცხოვრებმა 5 წლის ნაამამ შეიტყო, რომ მისი ძმა, ნადაი, დაავადების გამო სხვებისგან განსხვავებული იყო, გადაწყვიტა ძმის მკურნალობის ფულის შესაგროვებლად ქუჩაში ლიმონათის ბარი დაედგა. ნადაის ანგელმანის სინდრომი აქვს, რომელიც  ნერვული სისტემის იშვიათ დაავადებას წარმოადგენს.

“როგორც კი ამის შესახებ შევიტყვე, მაშინვე დახმარება გადავწყვიტე, ის ჩემი საყვარელი ძმაა,” - უთხრა ნაამამ ABC News-ის ჟურნალისტებს.

ლიმონათის გაყიდვის დაწყებიდან დღემდე, მან $48,140 შეაგროვა.

როგორც გოგონას დედამ რუ უზანმა ჟურნალისტებს უთხრა, გოგონამ აქცია მაფინების, ტკბილეულობის, ცხელი შოკოლადის, ყავის და ლიმონათის გაყიდვით შარშან გაზაფხულს დაიწყო. ტორონტოს მოსახლეობამ გოგონას და ოჯახის მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა.

“ქველმოქმედებაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, ისინი ხშირად იმაზე მეტს გვიტოვებენ, ვიდრე ყიდულობენ. ნაამა ძალიან შთამაგონებელი ბავშვია, მოტივირებული და პრობლემასთან შეურიგებელი. მას დაუსრულებლად შეუძლია დაავადების შესახებ საუბარი. ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვწერს, გვპირდებიან დახმარებას და აღფრთოვანებას გამოხატავენ ჩვენი გოგონას მიმართ. ანგელმანის სინდრომის დამარცხება და ძმის განკურნება -  ეს ერთადერთია, რაზეც ნაამა ზრუნავს.”

ანგელმანის სინდრომი ნეირო-გენეტიკური დარღვევაა, რომელიც გონებრივი განვითარების შეზღუდვით, ძილის პრობლემებით, ეპილეფსიური შეტევებით და ხშირი სიცილით ან ღიმილით ხასიათდება. დაავადებას სახელი ბრიტანელი პედიატრის, ჰარი ანგელმანის გამო ეწოდა, რომელმაც ეს სინდრომი 1965 წელს პირველად აღწერა. სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად "ანგელოზებს" უწოდებენ, როგორც სინდრომის სახელის, ასევე მათი ახალგაზრდული და ბედნიერი გამომეტყველების გამო.