NASA-ს მეცნიერმა ასტეროიდს პაკისტანელი აქტივისტი მალალას სახელი დაარქვა

17 წლის მალალა იუსუფზაი პაკისტანელი აქტივისტია გოგონაა, რომელიც 2014 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში და ამ პრიზის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. გოგონა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში, ტელეკომპანია BBC-ის ბლოგერი გახდა, სადაც თალიბანის რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებასა და გოგონების განათლების უფლებების აუცილებლობაზე წერდა. პაკისტანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მისთვის სკოლაში სიარული აიკრძალა, თუმცა 11 წლის მალალამ გადაწყვიტა საკუთარი უფლებებისათვის ებრძოლა. მისი პროტესტის საპასუხოდ, 2012 წელს თალიბებმა მალალას მოკვლას სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს. გამოჯანმრთელების შემდეგ მალალა ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობისათვის აქტიურად იბრძვის.

მისი ისტორიის წაკითხვის შემდეგ ნასას ასტროფიზიკოსმა, მეცნიერმა ემი მაინზერმა გადაწყვიტა, რომ მალალა უფრო დიდ, გალაქტიკურ აღიარებას იმსახურებდა და ასტეროიდს მისი სახელი დაარქვა. 

მალალას სახელობის ასტეროდი მეცნიერმა 2010 წლის ივნისში აღმოაჩინა. 

"მართალია ბევრ ასტეროიდს მიენიჭა სახელი, თუმცა მათ შორის ძალიან ცოტა ისეთი ქალის სახელობის, ვინც ამხელა წვლილი შეიტანა სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლაში. ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ისეთი ადამიანები, ვინ დაგვეხმარებიან კაცობრიობის ყველაზე რთული პრობლემების გადაწყვეტაში" - ნათქვამია პროფესორის ღია წერილში, რომელიც მან მალალას სახელზე გამოაქვეყნა.

როგორც მეცნიერის, მისი მხარდაჭერა მალალასადმი ლოგიკურია. როდესაც გოგონებს აქვთ საშუალება მიიღონ სათანადო განათლება, ამით იზრდება კაცობრიობის განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობა და ადამიანური რესურსების პოტენციალი.