მანჰეტენზე პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა

სწრაფი კვების ობიექტი სახელწოდებით "თონე" მანჰეტენზე, პრესტიჟულ და ხალხმრავალ ადგილას გაიხსნა. მისი ანალოგი ბრუკლინში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და ქართველი იმიგრანტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს, თუმცა ახალი სწრაფი კვების ობიექტი უკვე ამერიკელ მომხმარებელზეა გათვლილი. "თონეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე აპირებს კონკურენცია გაუწიოს ნიუ-იორკის მექსიკურ, ჩინურ და იტალიურ სწრაფი კვების ბიზნესს. ქართული კერძები და სპეციალური დანამატები, რომლებიც კაფის მენიუშია წარმოდგენილი ამერიკელებისთვის სრულიად უცხო შეთავაზებას წარმოადგენს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამის გათვალისწინებით, დამფუძნებლები ორი წლის განმავლობაში მანჰეტენზე 10 ობიექტის გახსნას გეგმავენ.

მენიუშია ფხალეული, ხაჭაპური, კუბდარი, ჩახოხბილი ჩაბოსტნილი, ჩიხირთმა და შოთის პური, რომლის პატარა ვარიანტსაც შოთიკო ქვია. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა ქართულ პურზე, ლობიანზე, ფხალეულსა და სვანურ კუბდარზე. 

ბევრმა ამერიკელმა საქართველოს არსებობის შესახებ სწორედ ქართული სამზარეულოთი შეიტყო. თუმცა, მათთვის ერთადერთ სირთულეს მხოლოდ ქართული საკვების სწორად წარმოთქმა წარმოადგენს.

"ვაშინგტონ პოსტმა" ქართულ სამზარეულოს რამდენიმე სტატია უკვე მიუძღვნა. ამ გავლენიანი გაზეთის ინტერნეტ-ვერსიის რეცეპტების ნაწილში გასულ თვეს აჭარული ხაჭაპურის დამზადების რეცეპტიც დაიბეჭდა. უფრო ადრე, 2014 წლის აგვისტოს თვეში ჟურნალისტმა მორა ჯადკისმა სრული სტატია მიუძღვნა საქართველოში ხაჭაპურის დამზადების სხვადასხვა ტრადიციებსა და წესს. "ვაშინგტონ პოსტის" გარდა ქართულ სამზარეულოზე სხვა ამერიკული გამოცემებიც წერენ. მათ ქართული ტრადიციული კერძების შესახებ უკეთესად ბოლო 2 წელია რაც შეიტყვეს. 

"თონეს" დამფუძნებელი ნიკა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ქართული ბიზნესისთვის კონკურენცია დიდ პრობლემას არ წარმოადგენს:

"ჩვენ არ მივიჩნევთ არავის კონკურენტებად, მეგობრები ვართ პირველ რიგში, რაც არ უნდა ბევრი რესტორანი გაიხსნას მანჰეტენზე, არ ნიშნავს იმას რომ კონკურენცია იზრდება. პირიქით, იმდენად დიდია მანჰეტენი, 300-400 ქართულ რესტორანს "აიტანს", ჩვენი გათვლით ასე არის. პირიქით, რაც უფრო მეტი ამერიკელი გაიგებს ქართული სამზარეულოს გემოს და მოეწონება, მით უფრო გაიზრდება ჩვენი პერსპექტივა."

ქართული სწრაფი კვების ობიექტში შეკვეთები ონლაინ, ტელეფონით და მიტანითაც ხორცილდება

წყარო: radiotavisupleba.ge