ქალბატონი, რომელიც სააღდგომოდ ასობით სასაჩუქრე კალათას ქმნის

ლი ჰარდი, ქალბატონი ფლორიდიდან, აღდგომის დღესასწაულისთვის ყოველწლიურად განსაკუთრებით ემზადება. ის ასობით სასაჩუქრე კალათას ქმნის, რომელშიც კვერცხებს, ტკბილეულობას, წიგნებსა და სხვა საჭირო ნივთებს აწყობს. აღდგომის დღესასწაულზე კი კალათებს მის სამეზობლოსა და მიმდებარე უბნებში მცხოვრებ ბავშვებს, ან ხელმოკლედ მცხოვრებ ოჯახებს ურიგებს.

"ჩემს გარშემო, არც ისე ბევრია ადამიანი, რომელსაც უყვარს და აღნიშნავს სააღდგომო დღესასწაულს. ეს კი ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ამიტომ მინდა სხვებსაც გავულამაზო. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ეს სჭირდება. მთელი წლის განმავლობაში, თუკი რაიმე ზედმეტი თანხა მაქვს, "Dollar Store"-ში მივდივარ და დოლარად სხვადასხვა ნივთებს ვაგროვებ სააღდგომო კალათებისთვის. ჩემი გეგმაა შევძლო და ერთ წელს ათასი სააღდგომო კალათა მოვამზადო" - ყვება ქალბატონი.

წელს ლის პროექტის მეცხრე წელია, და მან 600 სააღდგომო კალათის მომზადება შეძლო.

ტრადიციის პირველ წელს მოხალისე ქალბატონი სააღდგომო საჩუქრებს თავად არიგებდა, თუმცა კალათების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, საქმეც გაძნელდა. წელს კი მოსახლეობა და ადგილობრივი ეკლესიის პასტორი თავად აგზავნის მასთან იმ ადამიანებს, ვისაც დღესასწაულზე მსგავსი საჩუქარი ყველაზე მეტად სჭირდებათ.