მაღალმთიან რეგიონებში სტიქიისგან თავის ასარიდებლად ადრეული გაფრთხილების სისტემა შეიქმნება

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შვეიცარიელი ექსპერტები სტიქიური პროცესების შესწავლის შემდეგ, ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ. სპეციალისტები ადგილზე შეარჩევენ ტერიტორიებს, სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები.

ადრეული გაფრთხილების სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახდინოს, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება. 

ასევე, აღნიშნული სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდება საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრავი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.