ასი წლის მოცურავე იაპონიიდან, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

მიიკო ნაგაოკა ასი წლის ქალბატონია, რომელმაც შეძლო და მსოფლიოში პირველად, 100 წელს გადაცილებულ ადამიანთა კატეგორიაში, საცურაო შეჯიბრი მოეგო. მან 1.500 მეტრის თავისუფალი სტილით ცურვას, საათი და 15 წუთი მოანდომა და მისთვის შეექმნილი კატეგორიის უპირობო გამარჯვებული გახდა.

მისი მონაცემები უკვე გადაეგზავნა გინესის მსოფლიო წიგნს ოფიციალური რატიფიკაციისთვის.

1914 წელს დაბადებულმა მიიკომ ცურვის შესწავლა და ამ სპორტით აქტიურად დაკავება 80 წლის ასაკში, მუხლის ტკივილისგან თავის დასაღწევად გადაწყვიტა. ამჟამად კი ცურვის გაკვეთილებს ის კვირაში ოთხჯერ, ორი საათის განმავლობაში ესწრება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და ეს მანძილი გავცურე, თუმცა ამით გაჩერებას არ ვაპირებ. რეკორდის მიუხედავად, მსურს ცურვა საკუთარი სიაიმოვნებისთვის გავაგრძელო“ - განაცხადა ენერგიულმა ქალბატონმა.