2015 წელს Google-ის რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს Google-ის რუკაზე 5 ქალაქის მონაცემების გადატანას დაასრულებს. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდება ინფორმაცია თბილისის, გორის, რუთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ.

Google Maps-ზე აისახება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ.

Google Maps-ზე თბილისის შესახებ ინფორმაცია თითქმის სრულადაა განთავსებული. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შესახებ ინფორმაციის განთავსება.

Google-ის პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მეოთხე წელია გეოგრაფიულ-სივრცობრივ მონაცემებს აგროვებს და მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული.

Google-ის რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია 2011 წელს გაჩნდა. რუკაზე მუშაობა მუდმივი და უწყვეტი პროცესია და ხშირ განახლებებს საჭიროებს. ამჟამად Google Maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.