გამწვანების აქციის ფარგლებში, თბილისის ზოოპარკში ახალი ნერგები დაირგვება

უკვე მეორე წელია, რაც თბილისის ზოოპარკი გამწვანების საქველმოქმედო აქციას ატარებს. გასულ წელს ჩატარებული პირველი აქცია ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. აქციის მონაწილეების დახმარებით ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 1300-მდე ნერგი დაირგო. შარშანდელ აქციაში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ და 55-მა მოხალისემ მიიღო. 

წლევანდელი აქციის მიზანი, უკვე არსებული ნარგავების ხაზის დაგრძელება და გზატკეცილის მომიჯნავე ტერიტორიის სრული შემოსაზღვრაა. რამდენიმე წელიწადში ეს ცოცხალი ღობე ბუნებრივ, ლამაზ ბარიერს შექმნის ზოოპარკსა და ავტომაგისტრალს შორის და ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან.

გამწვანების აქციისთვის ნერგების შეძენა ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს და ნებისმიერ მსუველს შეეძლო. აქციაში მონაწილეობა გულისხმობდა ნერგების შეძენას კონკრეტული ორგანიზაციისგან, სადაც სპეციალურად ზოოპარკისთვის მომზადდა 1,20 მ. სიმაღლის ტუიას ნერგები. თითო ნერგი 7 ლარი ღირდა. აქციის ფარგლებში მოხალისეებმა ზოოპარკისთვის ორასზე მეტი ახალი ნერგის შეძენა შეძლეს. 

გამწვანების აქცია შაბათს, 4 აპრილს,  13:00 საათზე დაიწყება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიითოს.