ვეტერინარი ცხოველების დასახმარებლად თავს საფრთხეში იგდებს

ჰავაის კუნძულების ვეტერინარი სკოტ სიმსი იყენებს ყველანაირ სატრანსპორტო საშუალებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაეხმაროს დაჭრილ და დაშავებულ ცხოველებს. სიმსს ტელეკომპანია Nat Geo Wild-ზე მიჰყავს გადაცემა "Aloha Vet", რომელიც ეთერში პირველად 21 მარტს გავიდა. გარდა იმისა, რომ ცხოველებს უვლის, სიმსი ჰავაის მიმდებარე კუნძულებზე ყველაზე მიუვალ ადგილებშიც აღწევს და გარეული ცხოველების გადასარჩენად ზრუნავს. სწორედ ეს ხდის სკოტ სიმსს ყველა სხვა ვეტერინარისგან გამორჩეულსა და განსაკუთრებულს. 59 წლის ვეტერინარი მუდმივად წყლის მარაგით, მედიკამენტების ყუთით და რენტგენის მოწყობილობით გადაადგილდება.

"Aloha Vet"გადაცემის პირველ ეპიზოდში ნაჩვენები იყო, როგორ მიფრინავს სიმსი კუნძულ მოლოკაიზე, ფეხმოტეხილი ძაღლის გადასარჩენად. ყველა სხვა ვეტერინარისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ცხოველს კიდურის ამპუტაცია დასჭირდებოდა, სიმსი ფიქრობდა, რომ ძაღლისთვის ფეხის შენარჩუნებას შეძლებდა. ვეტერინარმა ასევე უმკურნალა ცხენს, რომელმაც მდინარეში ჩავარდნის შედეგად ფეხზე ღრმა ჭრილობა მიიღო და ღორს, რომელსაც ცუდად გაზრდილი ჩლიქი სიარულში ხელს უშლიდა. მეორე გადაცემაში სიმსმა ამოუღო მტკივანი კბილი ცხენს და დაბრმავებისგან იხსნა ღორი, რომელსაც თვალზე მინი ოპერაცია ჩაუტარა. სიმსმა დააანონსა, რომ გადაცემის მესამე ეპიზოდში კუჭის პრობლემების მქონე ცხვარს განკურნავს.

სკოტ სიმსმა 2001 წელს კერძო პრაქტიკა კალიფორნიიდან ჰავაიზე გადაიტანა. ყველა დანარჩენი ვეტერინარული კლინიკა მხოლოდ შინაურ ცხოველებს მკურნალობს. სიმსისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა ცხოველის ჯიშს, ზომას, მდგომარეობას და არც ადგილს.

ვეტერინარი თავისი დროის ნახევარს კლინიკაში, ხოლო მეორე ნახევარს გზაში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვეტმფრენი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, სიმსი უკან მაინც არ იხევს და ცხოველების გადასარჩენად ყოველ დღე საკუთარ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და სიცოცხლესაც კი საფრთხეში იგდებს.

იხილეთ "Aloha Vet"-ის პირველი ეპიზოდი.