გოგონები მომავლიდან - გოგოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა გაიმართება

2017 წლის 11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გოგოების საერთაშორისო დღეის აღსანიშნავად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა გოგონები მომავლიდან გაიხსნება. 

დინა ოგანოვას ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგოების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგოების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ მათგანს უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.

ფოტოს ავტორი - დინა ოგანოვა

ფოტოპროექტი ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.

გამოფენა 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ფოტოგრაფის შესახებ: დინა ოგანოვა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო ქალ ფოტოგრაფს შორის. დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: მე - საქართველო, ჩემი სივრცე და გაყინული ტალღები საქართველოს გარდა გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიასა და სინგაპურში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი ჩემი სივრცე, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება.

2016 წლიდან დინა ოგანოვა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან.