საახალწლო აქცია - უფასო ID ბარათი და ფასდაკლება ბიომეტრულ პასპორტზე

იუსტიციის სახლი ამ კვირაში საახალწლო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება

აქცია 15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგანაც.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება 18 წლის ასაკიდან ყველას შეეძლება და ასევე მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი. 

აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. 

საახალწლო აქციით სარგებლობისთვის, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

"საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია" - განაცხადა თეა წულუკიანმა.