ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება

რუსეთის ფილმსაცავ  „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება. მათგან ოთხი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია.

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“, „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და „გოსფილმოფონდის“ გენერალური დირექტორი ნიკალაი ბოროდაჩევი უძღვებოდნენ.

პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:

  • „ჰოლტზე“ - რეჟისორი ლეო ესაკია;
  • „ამერიკანკა“ - რეჟისორი  ლეო ესაკია ;
  • „ბუბა“ - რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;
  • „უკანასკენლ საათს“ - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, გამოთქვა სურვილი, რომ „გოსფილმოფონდიდან“, რეჟისორ ელდარ შენგელაის ფილმის „შერეკილები“ ასლის ჩამოტანის პროცესი დააფინანსოს.

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის - „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკალაი ბოროდაჩევმა  ხელი მოაწერეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი - „გოსფილმოფონდი“  საქართველოს გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე  გადაღებულ და  ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც  საშუალებას მოგვცემს სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.