M&S-ის საშობაო რეკლამა სიყვარულით მისის კლაუსისგან

ტანსაცმლის მაღაზია Marks & Spencer-მა საშობაო რეკლამების გადაღებაში წელს სერიოზული კონკურენცია გაუწია John Lewis-ს. შეუძლებელია, 3 წუთის განმავლობაში ღიმილის გარეშე უყურო მზრუნველი და საიდუმლოებებით მოცული მისის კლაუსის ამბავს.

რეკლამა სანტა კლაუსის ჩრდილს მიღმა მყოფ ცოლზე, მისის კლაუსზე გვიყვება, რომლის როლიც საშობაო ჟრიამულში მისტერ კლაუსზე ნაკლები არაა. როდესაც სანტას საჩუქრების დასარიგებლად უშვებს, თვითონ პატარა ინგლისელი ბიჭისგან, ჯეიკისგან, წერილს იღებს, რომელმაც უნებურად უფროსი და გაანაწყენა და საშობაოდ მის გამხიარულებაში დახმარებას სთხოვს.

ელეგანტურ წითელ კაბასა და მანტოში გამოწყობილი მისის კლაუსი დაუყოვნებლივ მიეშურება წითელი ჰელიკოპტერით ჯეიკის სახლში და საჩუქარს უტოვებს, რითიც ჯეიკს ეხმარება, რომ მისი საყვარელი და ანა საშობაოდ ბედნიერი იყოს.

შინ დაბრუნებული მისის კლაუსი ღიმილით კითხულობს ჯეიკისგან მიღებულ მადლობის წერილს, შემდეგ კი ტახტზე თბილად მოკალათდება და Fifty Shades Of Red-ის კითხვას იწყებს, როდესაც შინ სანტა ბრუნდება.

წარმოუდგენელია ამ გულისგამათბობელი საშობაო რეკლამის ერთხელ ყურება საკმარისი იყოს.

ნახეთ რა ხდებოდა რეკლამის გადაღებისას კულისებს მიღმა.