თინეიჯერმა, რომელსაც 7 წელი აბულინგებდნენ, მობილური აპლიკაცია შექმნა და სხვებს ეხმარება

ახალი მობილური აპლიკაცია მარტო დარჩენილ მოსწავლეებს სკოლის კაფეტერიაში მეგობრების პოვნაში ეხმარება.

"დაჯექი ჩვენთან" ეხმარება ყველას, ვინც ვერ პოულობს მეგობრულ გარემოს ლანჩის ოთახში. ის მოსწავლეებს "ელჩის" ფუნქციას ანიჭებს, რომელიც სხვებს იწვევს სამეგობროდ. მათ შეუძლიათ დაპოსტონ "ღია ლანჩის" მიწვევა, რომელიც სიგნალად მისდის და მაგიდასთან პატიჟებს ყველას, ვინც ლანჩის ან სადილის დროს კეთილგანწყობილ კამპანიას ელის.

აპლიკაციის ავტორი და დიზაინერი 16 წლის ნატალი ჰემპტონია, კალიფორნიიდან. მას აპლიკაციის შექმნის იდეა საკუთარმა გამოცდილებამ შთააგონა. როგორც გოგონამ ლოს-ანჯელესის დღის ამბებს უთხრა, მე-7 კლასის ჩათვლით, მარტო უწევდა სადილი, რის გამოც ის თანატოლებისგან დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ჰემპტონი დიდი ხანია ახალ სკოლაში დადის და დიდი სამეგობროც ჰყავს, თუმცა ლანჩის დროს მარტო ჯდომის და თანატოლებისგან უარყოფის მოგონება არ ტოვებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის გამოცდილებას უამრავი მოსწავლე იზიარებს.

მისი თქმით, მსგავსი აპლიკაციის არსებობა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ის დაიცავს ბავშვებს საჯაროდ უარყოფისგან.

"აპლიკაცია ძალიან პირადულია. სხვა ვერავინ იგებს ვინაა ელჩი. როდესაც მიწვევას მიიღებ და მაგიდასთან მიხვალ, იქედან ვეღარ გაგიშვებენ".

ჰემპტონმა აპლიკაცია 2016 წლის სექტემბერში გაუშვა. ერთ კვირაში ის უკვე იღებდა პოზიტიურ უკუკავშირს თანასკოლელებისგან.

"უკვე უამრავი ბავშვი იყენებს აპლიკაციას და კაფეტერიაში შესულს უამრავი "ღია ლანჩის" მიწვევა მხვდება" - ამბობს ის.