ქართველმა მწერალმა ქალმა წიგნიდან აღებული ჰონორარი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალებს გადაურიცხა

ახალგაზრდა მწერალმა სალომე ბენიძემ 2015 წელს გამოსცა წიგნი "ქალაქი წყალზე", რომლისთვისაც წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა პროზაში.

წიგნიდან აღებული პირველი ჰონორარი სალომე ბენიძემ მთლიანად გადაურიცხა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალებს.

„მაშინ, როცა წიგნიდან აღებული პირველი ჰონორარით შეგიძლია გადაიხადო კომუნალური გადასახადები, ან იყიდო ახალი კომპიუტერი, რომელიც მოგენჯღრა; ან დაფარო სახლის კრედიტის მცირე ნაწილი მაინც, რომელიც ზურგზე გაწევს, ან აიღო დამსახურებული შვებულება და წახვიდე სამოგზაუროდ.. ჰოდა, ამ ყველაფერს რომ არ გააკეთებ და ჰონორარს მთლიანად გადაურიცხავ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალებს - ნამდვილად ხარ ქველმოქმედი“ - წერს სალომეს მეგობარი ვიკა ბუკია ფეისბუკზე.

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ თავზე“ – წერს ავტორი რომანის შესავალში, ფინალში კი ასკვნის: „ყველა გოგოს შეუძლია, იყოს ქალღმერთი, თუკი მოინდომებს“.

სალომე ბენიძე უახლოეს დღეებში სტუდენტებთან შეხვედრასაც გეგმავს. მწერლის გაცნობა პარასკევს, 4 ნოემბერს 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაგეგმილი.